დღეს, 14 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო თელავში, ვარდოშვილის ქუჩა #7-ში კახეთის სააღსრულებლო ბიუროს თელავის ახალ ოფისს გახსნის.
შენობის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლადო ქარქაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და რეგიონალური ბიუროების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
თელავის სააღსრულებლო ბიუროს ახალი ოფისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბიუროს თანამშრომლებს პრეზენტაციისას ახალი საოფისე ფართის გარდა, ახალი ავეჯი და საოფისე ტექნიკა გადაეცემათ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს სულ 11 რეგიონალური ოფისი აქვს. აქედან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში და გორში ახალი ოფისები უკვე გაიხსნა. აღსრულების ეროვნული ბიურო ტერიტორიული ოფისების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მომავალშიც განაგრძობს.