დღეს, 12 დეკემბერს 12:00 საათზე, დასავლეთ საქართველოში მოქმედი ადვოკატები ქუთაისში შეიკრიბებიან. ასზე მეტი ადვოკატი იმერეთის, გურიის სამეგრელოს და აჭარის რეგიონიდან ადვოკატთა ახალ გაერთიანებას "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" უერთდება.
ადვოკატები ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003-ში" მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურებენ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
ქუთაისში შეკრებილ ადვოკატებს მემორანდუმს გააცნობენ ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" დამფუძნებლები დავით ასათიანი, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა და ზურაბ ტაბიძე.
"ადვოკატთა ახალი გაერთიანების შექმნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადვოკატი დაგვიკავშირდა და ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ქუთაისში იმ მიზნით მივდივართ, რომ ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები, პრინციპები და პრიორიტეტები. მოხარულები ვართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ეწევიან საადვოკატო საქმიანობს მზად არიან ამ პროფესიის გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაიშურონ. მათი ენთუზიაზმი და მონდომება გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს ადვოკატთა ასოციაცია აქციოს სტრუქტურად, სადაცM პრიორიტეტი ადვოკატთა პრესტიჟის ამაღლება, მათი პროფესიული განვითარება, სამართლებრივი სისტემების და კოლეგების პატივისცემა, აპოლიტიკურობა და დამოუკიდებლობა იქნება", _ აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა კობახიძე.
ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა ადვოკატების დავით ასათიანის, დიმიტრი გაბუნიას, მანანა კობახიძის, დავით ლანჩავას, როინ მიგრიაულის, რუსუდან პიტავას, ზურაბ ტაბიძის, გიორგი ტურაზაშვილის, ირაკლი ყანდაშვილის და აკაკი ჩარგეიშვილის ინიციატივით. ორგანიზაციის მიზანია, ადვოკატთა კორპუსის გაძლიერება, ადვოკატის, როგორც პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და პროფესიონალ ადვოკატთა კონსოლიდაცია.