თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძის წინააღმდეგ ალექსანდრე ებრალიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სხვადასხვა გარემოებასთან ერთად, გათვალისწინებული იყო, რომ მოპასუხის მიერ შესაბამისი განცხადება გაკეთდა ალექსანდრე ებრალიძის, როგორც საჯარო პირის მიმართ, როდესაც ებრალიძემ საკუთარი კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე დასახელების შესახებ განაცხადა.
"სასამართლოს მიერ შესაბამისი განცხადება, თავისი შინაარსისა და საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა შეფასებით მსჯელობად, როგორც აზრი საზოგადოებისთვის საინტერესო პოლიტიკურ საკითხზე, რომელიც აუცილებელია საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა უფლებას მიიღოს ინფორმაცია კანდიდატების, მათ შორის შესაძლო კანდიდატების შესახებ და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დებატების წარმართვას უწყობს ხელს, მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ასეთი განცხადებების სიმწვავის, გადაჭარბებული, შეურაცხმყოფელი ტონის, გამაოგნებელი ეფექტისა. სასამართლოს მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლისა და ინფორმაციის გავრცელების სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, უკიდურესად ზღუდავს მათში ჩარევის შესაძლებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ებრალიძე თარგამაძისგან პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 000 ევროს ითხოვდა.