12 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და საიას საერთაშორისო სამართლის ადვოკატები ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ქართველების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გამართავენ.
ცხინვალის რეჟიმის მიერ ამა წლის 17 სექტემბერს გორის რაიონის მაცხოვრებლების - გიორგი არჩვაძის, ზვიად კობალაძის, დავით კაპანაძის და დემურ ჭიღლაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
შეხვედრა ღიაა მასმედიისთვის და მისი მიზანია საქართველოს საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია ცხინვალში ქართველების უკანონოდ დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით. საიას ასევე სურს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საქართველოს მთავრობას, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ პირთა პრობლემების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ამა წლის 2 დეკემბერს გიორგი რომელაშვილის და ალეკო ცაბაძის ასევე ეროვნებით ოსი 5 პიროვნების განთავისუფლებას. თუმცა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო პირების უკანონო გატაცებისა და დაკავების ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მომდევნო პერიოდში. შესაბამისად, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ისეთი პრევენციული ზომების გატარება, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებას.
საია გამოხატავს სრულ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.