დღეს, 25 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართება.
სხდომა სასამართლოში 11:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე სასამართლომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ დავაყენეთ სასამართლო პალატის მოსამართლის, გიორგი ჩემიას აცილების საკითხი, რომელიც საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანის საქმით გაიცნო, ასევე მოვითხოვეთ სასამართლოს თავმჯდომარის მზია ლომთათიძისა და პროკურორის აცილება, თუმცა ყველა ჩვენი შუამდგომლობა იგნორირებულ იქნა", - განუცხადა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, 18 მაისს გამართულ სხდომაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის გადასაგზავნი მიმართვაც გაავრცელა.
„მიმართვაში ცოტნე გამსახურდია მიუთითებს იმ გაუსაძლის პირობებზე, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს. ამასთან, საუბრობს პატიმართა ცემის, წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ასეთი ქმედების ჩამდენი არც ერთი პირი დასჯილი არ არის. ამასთან, მიმართვაში ლარაპაკია იმ იზოლაციაზე, რომელშიც ცოტნე გამსახურდიამ ხელისუფლება მოაქცია - ის საკანში უკვე წელიწადზე მეტია მარტოა მოთავსებული, არ მიეწოდება პრესა, არ აქვს მიმოწერის და კომუნიკაციის არანაირი საშუალება. ერთი სიტყვით, მიმართვაში აღწერილია ქართული მართლმსაჯულების დეფექტები, რომელიც დღეს არსებობს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ბექაურმა.
როგორც ცნობილია, გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება - პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა დაემატა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.