აღნიშნული მსჯავრდებულების საქმე დადებითად სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, ე.წ. უდოს კომისიამ სულ 146 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, თუმცა მიზანშეწონილად 71 მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება მიიჩნია და მათთვის სასჯელის შემსუბუქებაზე სასამართლოს წარდგინებით მიმართა.
"დანარჩენ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, კომისიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, 6 თვეში კვლავ მიმართონ კომისიას. კომისიამ გამჭვირვალედ და ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინებით იმუშავა - პატიმართა უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით", - აცხადებენ სამინისტროში.
მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა დეკემბრის ბოლოს ჩატარდება.