ფესტივალ "საჩუქარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი ქეთი დოლიძე დედაქალაქის მერ გიგი უგულავს "პრიმიტიულ შურისძიებაში" ადანაშაულებს. როგორც რეჟისორმა თუმანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სინამდვილეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მიზანმიმართული კამპანია აწარმოა თბილისის მერიის მიერ დაარსებული თეატრალური ფესტივალის "თბილისი ინტერნეშენალის" წინააღმდეგ.
"ეს აბსურდული ინფორმაციაა. "თბილისი ინტერნეშენალმა" ფესტივალი "საჩუქარი" შეაჩერა, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბერში ტარდება. მე ანგარიშვალდებული ვიყავი, საქმის კურსში ჩამეყენებინა "საჩუქარის" დირექტორატი და პარტნიორები უცხოეთში, თუ რა არის ახალი ფესტივალი და რატომ შეჩერდა "საჩუქარი", რაც ახალი ფესტივალის ჩაშლის მცდელობად ჩამითვალეს", - განაცხადა დოლიძემ.
რეჟისორი აცხადებს, რომ მიესალმება ნებისმიერი ფესტივალის დაფუძნებას, მაგრამ ეს სხვა ფესტივალის "ჩაძირვის" ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
"თბილისი ინტერნეშენალი" უგულავს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაფუძნდა და მისი ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდე აღწვს. მინდა ვკითხო საზოგადოებას: იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ფესტივალი "საჩუქარი", რომელიც მიზერული თანხით აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც უნდა გააკეთოს მერიის ფეტივალმა სოლიდური თანხით, იწვევს იმავე თეატრებს და სთავაზობს უზარმაზარ თანხას, როცა ჩვენი ფესტივალის ფარგლებში მათ უფასოდ ჩამოჰქონდათ სპექტაკლები, არის თუ არა ეს მიზანმიმართული "საჩუქარის" განადგურებისკენ?", - აცხადებს დოლიძე და დასძენს, რომ დედაქალაქის მერის შურისძიება მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან რამდენიმე მსახიობისთვის სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ბინების ორდერის ჩამორთმევა პირადად უგულავასთან გააპროტესტა.