აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. პრემიასთან ერთად მას გადაეცა 10 მლნ შვედური კრონის (1.4მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ჩეკი.
დაჯილდოების ცერემონიალზე ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის თამჯდომარემ განაცხადა, რომ იშვიათია, როდესაც ადამიანი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია საერთაშორისო პოლიტიკაში, ასეთ მოკლე პერიოდში სტარტს აძლევს ასეთ დიდი ცვლილებებს. მან ნობელის კომიტეტის სახელით რწმენა გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ახალ ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი.
"ამჟამად ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს დიალოგსა და მოლაპარაკებას, როგორც ყველაზე რთული საერტაშორისო წინააღმდეგობის დარეგულირების საშუალებას", _ განაცხადაც იაგლანდმა.
საპასუხო სიტყვაში ობამამ აღნიშნა, რომ იგი ნობელის პრემიას იღებს მადლიერებითა და მოკრძალებით. მან აღიარა, რომ მოცემულ მომენტში მისი მიღწევები მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში ძალიან მოკრძალებულია, თუმცა დასძინა, რომ სამუშაო სამშვიდობო არენაზე საწყისს სტადიაშია და არა ბოლოში. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომები გარდაუვალიცაა და მისთვის საკმაოდ ძვირი ფასია გადასახდელი. მან განაცხადა, რომ მსოფლიოს შეუძლია არ იყოს შეშფოთებული ორ ბირთვულ ზესახელწმიწფოს შორის შესაძლო ომის პერსპექტივით.
"პრეზიდენტ მედვედევთან ერთად ვმუშაობ ამერიკისა და რუსეთის ბირთვული არსენალის შემცირებაზე", _ განაცხადა მან.
"მე თან არ მომიტანია ომის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი _ ამ გამოწვევის პასუხი განსაკუთრებულ ხედვას და ძალისხმევას მოითხოვს. უნდა დავიწყოთ მწარე სიმართლის აღიარებით, რომ ვერ შევძლებთ მწვავე კონფლიქტების გადაწყვეტას ჩვენი ცხოვრების განმავლობაში", _ განაცხადა ობამამ.
2009 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიენიჭა; ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს გერმანელმა მწერალმა ქალმა ჰერტა მიულერმა მიიღო; ფიზიკის დარგში პრემია სამმა მეცნიერმა გაინაწილა: პრემიის ნახევარ ჩარლზ კაოს ხვდა წილად, მეორე ნახევარი კი _ ჯორჯ სმიტსა და უილარდ ბოილს; სამი ნობელიანტი დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგშიც: ელიზაბეტ ბლეკბერნი, კეროლ გრეიდერი და ჯეკ შოსტაკი; ეკონომიკის სფეროში პრემია ამერიკელმა ეკონომისტმა ქალმა ელინორ ოსტრომმა მიიღო; ქიმიის დარგში კი ჯილდო სამ მეცნიერს შორისგანაწილდა, ესენი არიან ბრიტანელი ვენკატრამან რამაკრიშნანი, ამერიკელი ტომას სტაიცი და ადა იონატი - ისრაელიდან.
ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა. სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის, შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.
ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად, კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისთვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისგან, რომელზედაც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით.
ანდერძის შესაბამისად, ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში - 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში). ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, მ. სკლოდოვსკი-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ - 1903 და 1911 წწ). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს - ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული.
ნობელის პრემიის მინიჭება 1901 წელს დაიწყო.