"თავისუფლების ქარტიის" კანონის გამოქვეყნების შემდეგ შსს-ში სპეციალური კომისია შექმნება, რომელიც კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების საქმეებს შეისწავლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფლების ქარტიის" ავტომა გია თორთლაძემ განუცხადა, რომლის დამტკიცებაც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.
დეპუტატის განმარტებით, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების 100 ათასამდე საქმე უკვე დევს თაროზე, რომლის განხილვასაც სპეციალური კომისია დაიწყებს, რომელიც შსს-ს ბაზაზე შეიქმნება, მაგრამ მასში პარლამენტში მოქმედი ყველა ფრაქციის წარმომადგენელი შევა.
"კომისია გამჭირვალე, რომ იყოს და არ იყოს მხოლოდ ძალოვანი უწყებების ხელში პარლამენტიდან ოთხივე ფრაქციიდან შევა წარმომადგენელი", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კანონის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის დაკომპლექტება უნდა მოხდეს, თუმცა კომისიის წევრებს საიდუმლო დოკუმენტების შესასწავლად უფლება, რომ მიეცეთ რამდენიმე კანონში მთავრობა ცვლილებების ინიცირება უნდა მოახდინოს.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 308-3311 მუხლებით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) გათვალისწინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებების პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან ან რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა მონაცემების შეტანის შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ასევე უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, უკავიათ ამ კანონით აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ უარს თანამდებობაზე კანონით დადგენილ ვადაში და კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დახურულ სხდომაზე, რომელზეც "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება.
კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან ერთ თვეში და პირი, რომელსაც შეეხება გადაწყვეტილება უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში, სადაც სარჩელის მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.