გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების პრობლემებს გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისის 5 ბავშვთა სახლს (ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი, მიუსაფარ ბავშვთა სახლი- "სათნოება", "მომავლის სახლი", ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება - "ლამპიონი", დიღმის ბავშვთა სახლი) სპეციალური საჩუქარი მოუმზადა.
დღეს, თავშესაფრებში მცხოვრებ რამდენიმე ასეულ მცირეწლოვანს სატყეო ფონდის ტყეებში რეინჯერების მიერ მოკრეფილი ერთი ტონა კაკალი საჩუქრად გადაეცათ, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლებმა პატარებს ადგილზე მიუტანეს.
"ჩვენი თანამშრომლების დახმარებით ტყეში კაკალი შევაგროვეთ და გადავწყვიტეთ ყველა ბავშვთა სახლისთვის გადაგვენაწილებინა. იმედია, ამ ბავშვებს ნიგვზიანი საჭმელები არ მოაკლდებათ მთელი წლის განმავლობაში. უახლოეს მომავალში ბავშვებისთვის ლაგოდეხის ნაკრძალში ტური მოეწყობა და ამაზე სამინისტრო იზრუნებს. ეს ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ. ტყეში არის ბევრი სიკეთე და ამას მიტანა უნდა ხალხამდე. სატყეო დეპარტამენტში უახლოეს მომავალში გარკვეულ რეფორმებს ვაპირებთ, იმიტომ, რომ ის სიმდიდრე რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გოგა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ მსგავსი აქცია თბილისში არსებულ მოხუცთა პანსიონატში "სავანე" უკვე ჩაატარა. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო ჰუმანიტარულ ღონისძიებებს საქართველოს რეგიონებშიც გააგრძელებს.