ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც, რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემების გარდა, პორტის ინფრასტრუქტურასაც უნდა მოიცავდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა.
„გემების („ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების) გარდა, ჩვენ ვსაუბრობთ პორტებზე, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტთან თანამშრომლობენ, ასეთი გემების კაპიტნებზე, ასევე ბროკერებზე“, - განმარტა მან.
ვლასიუკმა აღნიშნა, რომ სანქციების წინა, მე-18 პაკეტით შემოთავაზებული იყო „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მხოლოდ ორი კაპიტნის ჩართვა.
კომისარმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ არის ევროკავშირი ჯერ კიდევ შეთანხმებული სანქციების მე-18 პაკეტის მიღებაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირებას ითვალისწინებს ბარელზე.
მისი თქმით, საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა „შავი ოქროს“ ფასების შეზღუდვების გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ვლადისლავ ვლასიუკმა განმარტა, რომ ამჟამინდელი „ფასების ზღვრის“ პირობებში მათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.
ამავდროულად, მისი თქმით, უნგრეთსა და სლოვაკეთს სანქციების პაკეტის მიმართ ფუნდამენტური შენიშვნები არ აქვთ.