აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომლის საფუძველზე შეიქმნა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.
ინფორმაციას Reuters-ი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"გენერალურ პროკურორთან და სახაზინო მდივანთან კონსულტაციით, ვაუქმებ "ალ-ნუსრას" ფრონტის, იგივე "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას". - ნათქვამია დოკუმენტში.
Reuters-ის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელს მარკო რუბიო აწერს, 23 ივნისით თარიღდება და მისი გამოქვეყნება ხვალ იგეგმება.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გაუქმების შესახებ.
"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას სირიული დანაყოფის, "ალ-ნუსრას" ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება სირიის ახლანდელმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ დააარსა, ის სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირი გაწყვეტა. მან გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამიმ" სხვა ისლამისტ ამბოხებულებთან ერთად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში წამოიწყო, რის შედეგადაც ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა.