კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება „ცეცხლს ეთამაშება".
ამერიკელ პროფესორს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანებას ხელოვნურად ახდენს.
„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს და ოპოზიციასაც მისცეს საშუალება არჩევნებში თავისი სათქმელი თქვას. თუკი საქართველოს მთავრობა ასე არ მოიქცევა და „რვიანთან" დათმობებზე არ წავა, ამით რადიკალური ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს. სხვათაშორის, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა რადიკალების გაღიზიანებას განგებაც ახდენდეს, რათა შემდეგ დასავლეთს უთხრას, „შეხედეთ როგორი რადიკალურია ჩვენი ოპოზიციაო". შეიძება სწორედ ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის მხრიდან „არდათმობის" სურვილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელიმ ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში.
მისივე განმარტებით, დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები უკვე ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა ის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დათმობებზე წავიდეს, თუმცა ამას „საზოგაოდებისგან უხულავად" აკეთებს.
„საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები შესაძლოა დაისვას, მაგრამ მხოლოდ კარგად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში სიტუაცია სხვაგვარია. აქ მთავრობა ისევ ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პარლამენტში ჰყავდეს უმრავლესობა და ამაზე დიდ აქცენტს აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან ბუნებრივია, რომ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა ცვლილს, მმართველი პარტია უმცირესობით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ა.შ. ეს არის დემოკრატიული სულისკვეთება", - აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ეს პროცესის დასრულებას არ ნიშნავს.
„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დიდი და რთული პროცესია, რადგან ქვეყანაში, სადაც მედიაგამჭვირვალობა არ არის საკმარისი, სადაც სასამართლო სისტემა ვერ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, სადაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება შესაცვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი არ არის. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება პირველი და არა ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ოპოზიციის რევოლუციურად განწყობილ ნაწილს, ამერიკელი პროფესორის აზრით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რევოლუციისთვის ნიადაგი არსებობს.
„საქართველოში ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და არამგონია, რომ ეს იყოს ის ქვეყანა, სადაც რევოლუცია მოხდება", - დასძინა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.