არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი. პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი გკრძალავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლა გაგრძელდება „რუსული საოკუპაციო რეჟიმის“ დასრულებამდე.
"გუშინაც ვთქვი და გავიმეორებ, შალვა პაპუაშვილმა თავისი საკონსტიტუციო სარჩელი დაახვიოს და ზუსტად იცის, რა მიმართულებით შეუძლია შემდეგ გამოიყენოს. არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი. პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი გკრძალავს. არანაირი პოლიტიკური პარტიების გაუქმება არ არის იმაზე უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აუქმებენ. გვაკარგინებენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თითოეული მოქალაქის თავისუფლებასთან. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, როგორიც არ უნდა იყოს ეს სარჩელი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ასევე არის დანამატი „ქართული ოცნების“, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე მათ არ დავასრულებთ", - განაცხადა წითლიძემ.