თურქეთში 73 წლის მოხუცის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს 7 მოქალაქიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროცესი არდაშენის სასამართლოში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ 5 დაკავებულს ქალაქ რიზეში მომხდარ მკვლელობასთან რეალური კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქართველს, როსტომ სილაგაძესა და ზვიად სანოძეს, მათ ქურდობისა და მკვლელობის მუხლებით გაასამართლებენ. ისინი ამ დროისთვის რიზეს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროცესზე მათი ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ ძებნა კიდევ ორ ადამიანზე გამოაცხადა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობია მათი მეტსახელები: „კიტაიცი" და „მაჰმუდა". როსტომ სილაგაძისა და ზვიად სანოძის განცხადებით, მათ მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღება სწორედ „კიტაიცსა" და „მაჰმუდთან" ერთად დაგეგმეს, თუმცა მათზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მოხუცების ცემის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ორი დღის წინ ქალაქ რიზეში მოხდა. მოხუცები ჯერ გაძარცვეს შემდეგ კი სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც ოჯახის უფროსი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.