გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი გამოყო.
„პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭერს, აივანს და კიბეს. ამისათვის ხის მასალა უკვე შეძენილია. მეორე ეტაპზე კი შიდა სამუშაოები ჩატარდება. წინასწარი ვარაუდით, მუზეუმის რეაბილიტაცია 2-3 თვეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შერჩეული სპეციალისტები ასრულებენ", - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს, ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები. მუზეუმში ინახება კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, აგრეთვე, შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.