ქართველი სამართალდამცველების მიერ სარფის საბაჟოზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.
მუჰამეტ ონდერსა და მუსტაფა აიგიუნის საკმაოდ მძიმე ბრალება აქვთ წაყენებული. მათ წინააღმდეგობის გაწევა და გამოსასყიდის მიყების მიზნით საქართველოს მოქალაქის მძევლად აყვანაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მუჰამეტ ონდერი და მუსტაფა აიგიუნი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ თურქეთის ქალაქ არდაშენში, ცეცხლსასროლი ირაღების გამოყენებით და ძალადობის გზით მძევლად აიყვანეს საქართველოს მოქალაქე ემზარ ვაშაყმაძე და მის სიმამრს გოჩა წითელაძეს გამოსასყიდის სახით მოსთხოვეს 30 000 ამერიკული დოლარი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ მძევლის ლიკვიდაციით. დაკავებისას მუსტაფა აიგიუნმა შეირაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და შეეცადა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოეკლა გოჩა წითელაძე. დამნაშავეების დაკავების შემდეგ წარმატებით დასრულდა მძევლის გათავისუფლების ოპერაცია.