26 მაისის აღლუმისთვის მოსამზადებელი რეპეტიციის გამო ამაღამ, 22:00 საათიდან 18 მაისის 08:00 საათამდე, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ გააცნო.
"აღლუმის რეპეტიციასთან დაკავშირებით, 17 მაისს, 22:00 საათიდან 18 მაისის 08:00 საათამდე, ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: ბარათაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე გმირთა მოედნამდე და ლესელიძის ქუჩაზე. პერიოდულად გადაიკეტება გორგასლის ქუჩა ბაგრატიონის ძეგლამდე", - განაცხადა მახარაძემ.
მისი ინფორმაციით, რეპეტიციაში ასევე ჩართული იქნება ავიაცია.