ქართველი ადვოკატები და იურისტები შიმშილობის აქციას იწყებენ. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, შიმშილობის აქცია 17 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გამოცხადდება.
"მოვითხოვთ: 1. დამოუკიდებელ სასამართლოს. 2. ზურაბ ჟვანიას, გიორგი სანაიას, გურამ შარაძის, ბადრი პატარკაციშვილისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის მკვლელობების საქმის გამოძიებას. 3.ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების მკვლელობების საქმეებზე გამოძიების ხელახლა დაწყებას. 4. უკანონო პატიმრების საქმეების გადასინჯვას (შეიქმნას შესაბამისი კომისია). 5. პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას. 6. პატიმარა ცემისა და წამების ფაქტების შეწყვეტას. 7. უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლებას. 8. ვეტერანების მიმართ გაუქმებული შეღავათების აღდგენას", - განუცხადა "ჯი-ე-ჩ-ენს" ხაჭაპურიძემ.
მისი შეფასებით, საქართველო საერთაშორისო სამართლებრივი არეალიდან მთლიანად გამოსულია, რაც ქვენის ჩამოშლის წინაპირობას წარმოადგენს.
"ჩვენ გვსურს, საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი. საქართველო ახლა სამართლებრივი სივრციდან გასულია და ამოვარდნილია ყოველგვარი იურიდიული აზროვნებიდან. თუ კანონები არ დაუბრუნდება სამართლებრივ არეალს, ქვეყანა ჩამოგვეშლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - აღნიშნა ადვოკატმა.
ხაჭაპურიძის განცხადებით, შიმშილობის აქციას 20-მდე ადვოკატი და იურისტი გამოაცხადებს, რასაც ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანები შეუერთდებიან.