ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრმა გიორგი ბარამიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიეროსთან და ნატოში ლიტვის ელჩ ლინას ლინკევიჩიუსთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი გამოფენა გახსნა.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს მიმართ დიდია სიმპათიები.
"ნატოს ხელმძღვანელობა აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც საკმაოდ დიდია. ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი გმირები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ამისათვის საქართველომ დიდი მსხვერპლიც გაიღო, მაგრამ ჩვენ ვართ ერთად ჩვენს მეგობრებთან და ვაკეთებთ საერთო საქმეს, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა მან.
გამოფენაზე "ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის-საქართველო ISAF-ის ოპერაციაში" ავღანეთში გადაღებული 80-მდე ფოტოა წარმოდგენილი, რომელიც ქართველი ჯარისკაცების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასახავს.
გამოფენა ნატოს შტაბბინაში 19 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენის შემდეგ ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელსაც ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობები და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ინსტრუმენტების - წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საქართველოს დეოკუპაციის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ადმირალ ჯამპაულო დიპაულასთან და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.