ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი სამხედრო აგრძელებს მკურნალობას: მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე.
ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.
ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. ბატალიონთა როტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.