საქართველოს მთავრობა ე.წ. ოტსტუპნიკების პრობლემის მოუგვარებლობის წახალისებას არ აპირებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა არ არის თანახმა, რომ ე.წ. ოტსტუპნიკების საკითხის მოგვარების ვადები 2015 წლამდე გადაიწიოს და აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში მთავრობის დასკვნა 16 მაისს შემოვა.
"საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ იყო სერიოზული პრობლემა ე.წ. ოტსტუპნიკების საკითხი, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა მიმდინარეობდა როგორ უნდა გადაწყვეტილიყო", - აღნიშნა ხუროშვილმა.
ამასთან, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს, არსებული რეგულაციით, თუ არსებობს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შოროს ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ადასტურებს ნასყიდობის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია ქონების ღირებულების 90% გადაუხადოს მოსარგებლეს, მაგრამ თუ მოსარგებლე არ არის თანახმა, მაშინ ის უხდის ქონების ღირებულების 10%-ს მესაკუთრეს და ბინა მის სარგებლობაში რჩება.
იმ შემთხვევაში კი, თუ მხარებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ არსებობს და ხელშეკრულება მხოლოდ სარგებლობასთან დაკავშირებით აქვთ გაფორმებული, მესაკუთრე ვადებულია მოსარგებლეს ქონების ღირებულების 75% გადაუხდის ან მოსაგრებლე იხდის 25%-ს მესაკუთრის სასარგებლოდ და ბინა მას რჩება.
"თუ ამ პირობებზე შეთანხმება მოხერხდა კონკრეტული პირების საკითხი მოგვარებულად ჩაითვლება. თუმცა არსებობს მეორე სიტუაცია, როცა შეთანხმება ნებაყოფლობით ვერ ხერხდება და ასეთ დროს მხარეები სასამართლოს მიმართავენ", - აღნიშნავს გია ხუროშვილი.
ამასთან, მთავრობა მოუწოდებს მხარეებს, რომ 2012 წლის პირველ ინვრამდე, დარჩენილი 8 თვიანი ვადა გამოიყენონ და თუ ვერ აღწევენ შეთანხმებას სასამართლოს მიმართონ.
"პრობლემის მოუგვარებლობის კიდევ ერთხელ წახალისება კანონის დონეზე და დაპირება, რომ პრობლემა არსებობდეს და ის არასდროს არ მოგვარდეს არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. პირიქით, მოუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს პირველ რიგში მიაღწიონ ურთიერთ შეთანხმებას ან მიმართონ სასამართლოს", - აღნიშნა ხუროშვილმა და აქვე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე ორივე უფლების რეალიზებაზე უარს იტყვის, 2012 წლიდან მას მოსარგებლის უფლება შეუწყდება და შესაბამისად ქონება მესაკუთრის მფლობელობაში გადავა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. ოტსტუპნიკების პრობლემის მოსაგვარებლად ვადის გადაწევას 2015 წლამდე და სახელმწიფო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.