18 წლის ახალგაზრდა ჯარში გასაწვევად, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მზად არ არის.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელებთან დაკავშირებით კანონპროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ზოგადი განათლების სფეროში რეფორმა განხორცილდა და სწვალა 12 წლამდე გაიზარდა, 18 წლის ახალგაზრდები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ ჯარში გაწვევის დრო უწევს, რის გამოც მათ ხელი ეშლებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაში.
"განათლების სფეროში რეფორმამდე სკოლას 16-17 წლის ასაკში ამთავრებდნენ და მათ ჯარში გაწვევამდე ერთი-ორი წელი რჩებოდათ უმაღლესში ჩასაბარებლად, ახლა კი 18 წლის ასაკის ახალგაზრდას სკოლის დასრულებისთანავე უწევს ჯარში გაწვევა. გარდა ამის, ჩვენ გავესაუბრეთ სამედიცინო ექსპერტებს და ფსიქოლოგების, რომლებიც აცხადებენ, რომ 18 წლის ახალგაზრდა ჯარისთვის მზად არ არის", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ ასაკში ჯერ კიდევ ახალგაზრდის ჩონჩხოვანი განვითარება ხდება და არ არის რეკომენდირებული მათი ფიზიკური დატვირთვა, ასევე ფსიქოლოგიურად არ არიან მზად კრიზისებისთვის, რადგან სოციალურ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდის დახურულ, დისწიპლინირებულ დაწესებულებაში აღმოჩენა ერთგვარ სტრესთან არის დაკავშირებული.
"სამხედრო მეთაურების აცხადებენ, რომ 18 წლის ახალგაზრდა ჯერ კიდევ ბავშვია და შესაბამისად არ შეუძლია დაკისრებული ამოცანის ადეკვატურად შესრულება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ წვევამდელების ასაკი ნაცვლად 18-27 წლის ასაკისა, 20-27 წლამდე ასაკით შეიცვალოს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
თავის მხრივ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ნიკა ლალიაშვილი ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელს პარლამენტში მათი კანონპროექტის ინიცირებასა და მხარდაჭერას დაპირდა.
"ქრისტიან-დემოკრატები" იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა ადეკვატურად აღიქვამს და მხარს დაუჭერს.