ვიცე პრემიერ- მინისტრი გიორგი ბარამიძე განაგრძობს სამუშაო ვიზიტს ნიდერლანდების სამეფოში, სადაც ჰააგაში ორმხრივი შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ური როზენტალთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე, ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვასა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარებას კულტურულ, საგანმანათებლო, სამეცნიერო სფეროებში. გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, მათი უფლებების შელახვისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტებსა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა თავიანთ სახლებში დაბრუნების აუცილებლობაზე. ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაშვების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის სტრატეგიაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, აგრეთვე ამსტერდამის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩაატარა ლექცია თემაზე: ,,უსაფრთხოების გამოწვევები: „საქართველოს ხედვა და პერსპექტივები". ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსიაში მონაწილეთა უმეტესობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობითა და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრინების სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდა.