თბილისის "დინამოს" მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებასთან დაკავშირებულ საუბილეო საღამოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე დაესწრება.
"დინამოს" პრესატაშეს, გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. 13 მაისს ჩამოვა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა. მათ გარდა, საიუბილეო საღამოს დაესწრება 1981 წლის ფინალში იენის "კარლ ცაისის" კაპიტანი ლოთარ კურბივაიტი. მასთან ერთად იქნება გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი. უკრაინიდან თბილისს ეწვევიან კიევის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები - ანდრეი ბიბა და ვლადიმერ მუნტიანი. აზერბაიჯანიდან ჩამოვლენ ბაქოს "ნეფთჩის" ყოფილი მოთამაშეები ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი. სომხეთიდან ჩამოვა ერევნის "არარატისა" და საბჭოთა კავშირის ექსნახევარმცველი ხორენ ოგანესიანი. ღონისძიებას გასაშუქებლად ეწვევა "ნტვ ფუტბოლის" ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი.
საქართველოს ფარგლებს გარედან ჩამოსვლა არამხოლოდ უცხოელ სტუმრებს მოუხდათ - მომავალი ღონისძიებისთვის, სოჭიდან სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა.
უცხოელი სტუმრები 13 მაისს, 12:00 საათზე, "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზას ეწვევიან და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოს დაათვალიერებენ. საღამოს 19:00 საათზე კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
"დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.