საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ზოდელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღიშნული გადაწყვეტილება დანაშაულის კლების ტენდენციას უკავშირდება.
მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე არ გავრცელდება.
"დანაშაულის კლების ტენდენცია შენარჩუნებულია, რაც სასიხარულო ფაქტია და ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კარგი მუშაობის შედეგი. ეს შედეგი და ბოლო წლებში გატარებული მკაცრი პოლიტიკა, რამაც დანაშაულის კლება გამოიწვია, იძლევა საშუალებას, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებში, მაგალითად არასრულწლოვანთან მიმართებაში, გავატაროთ ლიბერალური პოლიტიკა. ეს გულისხმობს დისკრეციული უფლების მიცემას პროკურორებისთვის, დევნის დაწყების კონტექსტში. ეს ვრცელდება მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულზე და არ ვრცელდება განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე, სადაც სიმკაცრე უნდა შენარჩუნდეს. ასევე არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის ზრდა. ფორმალური ჩანაწერი კანონში იყო, რომელიც არ იყო ამოქმედებული. ჩვენი ინიციატივით, ეს ფორმალური ჩანაწერიც არ იქნება და ასაკი გახდება 14 წელი", - განაცხადა ზოდელავამ.