საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ ნატოს მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება ალიანსის სისუსტის მანიშნებელია, არასწორია.
"არ მგონია, ეს ნატოს სისუსტე იყოს. ალიანსს შეზღუდული ოპერაციის შესაძლებლობა აქვს. ნატოს ლიბიაში შეჭრის და იქ სამხედრო ოპერაციის ჩატარების მანდატი რომ ჰქონდეს, მაშინ სწრაფად მოახდენდა ხელისუფლების შეცვლას. მაგრამ ნატო ემორჩილება მანდატს, რომელიც მას მინიჭებული აქვს და ცდილობს დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა კადაფის რეჟიმის მიერ დაბომბვისგან და ისეთი სამხედრო ობიექტების განადგურებას, რომლებსაც აქვს ხალხის მასობრივი განადგურების შესაძლებლობა", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, ლიბიაში პროცესების დაჩქარება რთული და საშიშია, ამიტომაც ნატო მის სწარაფად დასრულებას არ ცდილობს.
რაც შეეხება იმას, ხომ არ არის შესაძლებელი ნატო გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და კადაფის მიერ მოსახლეობაზე იერიშის შეწყვეტის სანაცვლოდ მის ხელისუფლებაში დარჩენას დასთანხმდეს, ექსპერტი აღნიშნულს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ კადაფის გადაყენება ნატოს მიზანი არც არის.
"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ნატოს მიზანი კადაფის შეცვლა არც არის. მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა. ის, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ლიდერები კადაფს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ, არ ნიშნავს, რომ ლიბიის ხელისუფლების შეცვლაზე პასუხისმგებლობას ალიანსი იღებს. არა, ლიბიაში ხელისუფლების შეცვლა ლიბიელი ხალხის საქმეა", - განმარტა ექსპერტმა.