აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშვიდობის დაცვის დარგში მინიჭებული ნობელის პრემიის მისაღებად ოსლოში მიემგზავრება. ნორვეგიის დედაქალაქს აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლის მიშელ ობამას თანხლებით ეწვევა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ალფრედ ნობელის გარდაცვალების 113-ე წლისთავზე, 10 დეკემბერს გაიმართება. დაჯილდოების მეორე დღეს ოსლოში ობამას პატივსაცემად გალაკონცერტი გაიმართება. მასზე კონკურს "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ბელორუსი წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრე რიბაკი გამოვა. მომღერალი დღეისათვის თავის ყველაზე ცნობილ ჰიტს "Fairytail"-ს (ზღაპარი) შეასრულებს. ამას გარდა, კონცერტზე გამოვა პოპულარული ირლანდიური ჯგუფი "Westlife", ბრიტანელი მომღერალი ნატაშა ბედინგფილდი, ამერიკელი შემსრულებელი ვაიკლეფ ჯინი, ამერიკელი მომღერალი ტობი კიფი, ამერიკელი მომღერალი დონნა სამერი, ჩინელი პიანიტ-ვირტუოზი ლანგ ლანგი და სხვები. აღნიშნული კონცერტის წამყვანები იქნებიან ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი და ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ქალი ჯადა პინკეტ სმიტი.
აღსანიშნავია, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის აშშ-ის პრეზიდენტისათვის მინიჭება მოულოდნელობა არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსათვის, არამედ თავად ბარაკ ობამასათვისაც იყო. ობამამ ამ პრემიის მინიჭების შესახებ 9 ოქტომბერს დილით გაიგო. მან აღიარა, რომ არ ელოდა ამ პრემიის მინიჭებას და თავს ღირსად არ მიიჩნევს, იყოს იმ ხალხთა რიცხვში, ვისაც ნობელის მშვიდობის პრემია აქვს მინიჭებული.
"ამ ჯილდოს, მოქმედებებისთვის მოწოდებად მივიღებ", _ განაცხადა მაშინ ობამამ და პირობა დადო, რომ ბირთვული იარაღის გავრცელებასთან, გლობალურ დათბობასთან და შეიარაღებულ კონფლიქტებთან ბრძოლას გააგრძელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიია არა მხოლოდ პირადად მან, არამედ მთელმა ამერიკელმა ხალხმა მიიღო.