კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სან-მარინოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას ეჭვის თვალით უყურებს.
"მართალია სან-მარინო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ჩაფლული სახელმწიფოა და მგონია, რომ თუკი ეს ქვეყანა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გადაწყვეტს, ევროკავშირი მასზე გავლენას მოახდენს", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ე-ჩ-ენს".
კონფლიქტოლოგი სან-მარინოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხით დაინტერესებას მხოლოდ რუსულ "ინვესტიციებს" უკავშირებს.
"სან-მარინო პატარა სახელმწიფოა, იქ რამდენიმე ათეული ათასი მოსახლე ცხოვრობს. ყველა ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია და მათ შორის ამ სახელმწიფოსაც. ასე რომ, ეჭვს არ იწვევს სან-მარინოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებით დაინტერესება. ეს არის რუსული ინვესტიცია", - განმარტა ზაქარეიშვილმა.