ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან მათი მიმართ არასათანადო და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.
როგორც დღეს, "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ადვოკატებს, რომლებიც საპყრობილეში მსჯავრდებულის მოსანახულებლად შედიან ჩხრეკის დროს ამცირებენ, ხოლო ქალ ადვოკატებს უხამსად ექცევიან და თან დასცინიან.
ხატიაშვილმა მაგალითად, ადვოკატ ვლადიმერ ტაბაღუას დაკავების ფაქტი მოიყვანა, რომელიც მას შემდეგ დააკვეს, რაც თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირის საყვარელიძის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტების გადაცემაზე უარი განაცხადა.
"სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კი ადვოკატი მანანა კობახიძე ღიმილის გამო დააჯარიმა, ხოლო როდესაც შალვა ხაჭაპურიძეს თავს დაესხნენ და სცემეს, მას ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრეს, მიზეზად კი ის დასახელეს, რომ შალვა ხაჭაპურიძეა და ღირსია", - დასძინა ხატიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა კალმახელიძის მიერ 2010 წელს გამოცემული ბრძანების გაუქმებაც მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ადვოკატს ციხეში შესვლის დროს მხოლოდ ერთი პირის მონახულება შეუძლია, ხოლო მეორე დაცვის პირის მოსანახულებლად უკან უნდა გამოვიდეს და შესასვლელად ახალი განცხადება თავიდან დაწეროს.
"ადვოკატებს წამების მინისტრის, კალმახელიძის ბრძანების გამო დღეში რამდენჯერმე უწევს დამამცირებელი ჩხრეკის პროცედურის გავლა", - აცხადებს ხატიაშვილი.