პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე 111 ადვოკატია დაჭერილი, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.
"კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი არ დაუჭერიათ იმდენი ადვოკატი, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მხოლოდ 80 ადვოკატის დაკავება მოხდა, მაშინ, როცა დღევანდელმა რეჟიმმა უკვე 111 ადვოკატი დააკავა", - აღნიშნა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 72 ადვოკატის დაკავება მოხდა.
ამასთან, ხატიაშვილმა ადვოკატთა დაკავების კონკრეტული გახმაურებული ფაქტები მოიყვანა, კერძოდ კი ვლადიმერ ტაბაღუას, მარიმ იველაშვილის, ნათია სირაძე და სხვა.
"მარიამ იველაშვილს, რომელიც არაეფექტური დაცვის გამოა დაკავებული საპატიმროში ტუბერკულოზით დავადდა, ხოლო ნათია სირაძე, რომელიც მუხროვანის ამბოხების საქმე ჰქონდა აღებული დააკავეს და მოსთხოვეს გარდაცვლილ დედას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგატირებინებთ, თუ იტყვი, რომ სასამართლო პროცესზე მოწმემ მისი რჩევით მისცა ჩვენება", - აღნიშნა ხატიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ადვოკატი იძულებული გახდა "დანაშაული ეღიარებინა", რადგან მისი დაკავების შემთხვევაში ორი მცირეწლოვანი შვილი უპატრონოდ რჩებოდა.
რაც შეეხება იველაშვილს, ხატიაშვილის თქმით, მისი მონახულება საფრანგეთის ელჩმა ითხოვა, რაზეც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უარი უთხრა მიზეზით "მარიამ იველაშვილი საფრანგეთის მოქალაქე არ არისო".
ამასთან, დაკავებული ადვოკატის განთავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.