ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფელი შინდისი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია დღეს სპეციალისტებისგან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა.
სოფელი შინდისი (95, 5 ჰექტარი) 161 კასეტური იარაღის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. განაღმული ტერიტორია საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან დენის კიფთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.
"აგვისტოს ომმა ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია", - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
განაღმვითი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ "The HALO Trust" აწარმოა.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია "ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები" (iMMAP, aSS) აკონტროლებს.
ამ ეტაპზე განაღმვითი სამუშაოები 18 სოფელში განხორციელდა.