არასრულწლოვანი მსჯავრდებულების შემდგომი დასაქმების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ხელობის შემსწავლელი კურსები გაიხსნა.
კურსების გახსნასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კოკა სეფერთელაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ზარანდია არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას ესტუმრნენ და მოზარდებს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით გაესაუბრნენ.
სასჯელაღსრულების აღმზრდელობით დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ხელობის შემსწავლელი ოთხი ჯგუფი შეიქმნა. მოზარდები თმის შეჭრას, სატელევიზიო მონტაჟს, კომპიუტერის შეკეთებასა და ვებ-დიზაინს შეისწავლიან. თმის შეჭრისა და სატელევიზიო მონტაჟის კურსები 2 თვეს, ხოლო კომპიუტერის შეკეთებისა და ვებ-დიზაინის კურსები 5 თვეს გაგრძელდება, თითოეული ჯგუფი კი 6-10 მსჯავრდებულით დაკომპლექტება. ხელობის შემსწავლელი კურსების პროგრამა ერთწლიანია და მასში მოზარდები ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
სწავლების მეორე ეტაპი 2010 წლის აპრილში დაიწყება. აღნიშნული კურსების გარდა, აღმზრდელობით დაწესებულებაში უკვე გახსნილია მინანქრის სახელოსნო, სადაც მოზარდები ტიხრული მინანქრის ხელობას სწავლობენ. სასჯელის მოხდის შემდეგ შესწავლილი პროფესიები არასრულწლოვნებს საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.