კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს, 2009 წლის 01 ნოემბრიდან 08 დეკემბრის ჩათვლით, მწვავე ვირუსული ინფექციით ათასსამასზე მეტმა მოზარდმა მიმართა.
გრიპის ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის, თელავის და ახმეტის რაიონებშია დაფიქსირებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თამილა თეიმურაზაშვილმა განუცხადა, 01 ნოემბრიდან 08 დეკემბრის ჩათვლით, საავადმყოფოში მწვავე ვირუსული ინფექციით 63 მოზარდი იყო მოთავსებული. ავადმყოფთა რიცხვმა იმატა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაშიც. დაკავებულია თითქმის ყველა საწოლი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონალური ცენტრის უფროსის შუქია გიორგელაშვილის განცხადებით, რეგიონში, ამ დრომდე ღორის გრიპის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არის გამოვლენილი.
ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 368 შემთხვევაა დაფიქსირებული.