უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. ნახევარფინალურ მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" "შალკე" 4:1 დაამარცხა.
მატჩმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" უპირატესობა პირველივე ტაიმში, თამაშის დაწყებიდან 26-ე წუთზე მოიპოვა. შეხვედრის პირველი გოლი გიბსონის გადაცემით ვალენსიამ გაიტანა. 31 წუთზე "მაჩნესტერ იუნაიტედმა" ორგოლიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე გოლის ავტორი უკვე გიბსონი გახდა.
სტუმრებმა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს. მარჯვენა ფლანგიდან უჩიდას ჩაწოდების შემდეგ, "მანჩესტერელებმა" ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს და დაახლოებით 16 მეტრიდან, ხურადომ ვან დერ სარს აუღებელი დაურტყა.
„მანჩესტერმა" მეორე ტაიმიც შესამჩნევი უპირატესობით დაიწყო. 72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ნანის გადაცემის შემდეგ, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდერსონმა ნოიერის კარში მე-3 გოლი, 76 წუთზე კი მე-4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატში 28 მაისს, "უემბლიზე" გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალისტები, "ბარსელონა" და „მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან.