პოლ გოგენის ხის ქანდაკება "ახალგაზრდა ტაიტელი ქალი" ნიუ-იორკის Sotheby's აუქციონზე 11,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
სკულპტურა მარჯნებისა და ნიჟარის მძივებითაა გაწყობილი, რომლებსაც გოგენი კუნძულ ტაიტიზე ცხოვრებისას თავად აგროვებდა. სკულპტურის ძირითადი ნაწილი ტაიტის ტომისთვის წმინდა მცენარედ მიჩნეული ხისგან არის გაკეთებული, მარცხენა ყური კი ბზისგანაა დამზადებული.
ტაიტელი ქალის მარცხენა ყური თავდაპირველად ყვავილით იყო შემკული, კისრის უკან კი ორი მელიას გამოსახულება იყო ამოტვიფრული. ამ ნიშანს გოგენი ხშირად იყენებდა.
ბიუსტის სიმაღლე 25 სანტიმეტრია. იგი მხატვარ-იმპრესიონისტის ერთადერთ დასრულებულ სამგანზომილებიან ნიმუშად მიიჩნევა. სავარაუდო ლოტი 10-15 მილიონ დოლარად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ გოგენმა ქანდაკება ათი წლის ჟანა ფურნიეს უსახსოვრა, რომელიც მისი მეგობრების ქალიშვილი იყო. 1961 წელს ჟანამ ქანდაკება დომინიკანელთა ორდენის მონასტრის მღვდელმსახურს აჩუქა, მან კი "ახალგაზრდა ტაიტელი ქალი" Sotheby's-ის აუქციონს გადასცა.
ამის შემდეგ 50 წლის განმავლობაში ქანდაკება საზოგადობისთვის მისაწვდომ აუქციონებზე აღარ გამოჩენილა.