კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულები არიან ს/ს ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ექიმ-ნარკოლოგი ნანა გიორგობიანი და ამავე ინსტიტუტის ლაბორანტი ლალი ბულაცაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს 100 ლარის სანაცვლოდ დაუმზადეს და გადასცეს ნარკოლოგიური სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული მონაცემები გაყალბებული იყო, რადგან მათ ცნობის გაცემისთვის საჭირო შესაბამისი კვლევითი პროცედურები არ ჩაუტარებიათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები უშუალოდ ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს სამ წლამდე ვადით.