გადაუღებელი წვიმების შემდეგ კახეთის რეგიონი ამჯერად სეტყვამ დააზარალა.
თელავის რაიონის სოფელ შალაურში გამთენიისას მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა.
დიდი ზომის სეტყვამ სოფლის სავარგულებზე 10-სანტიმეტრიანი საფარი შექმნა. წინასწარი დათვალიერებით, ნათესები და ბაღები სრულადაა განადგურებული. სეტყვამ გურჯაანი-ლაგოდეხის მიმართულებით, ალაზნის ველზე არსებული ზვრები და ხეხილის ბაღებიც გაანადგურა.
ადგილობრივი გლეხები, შესაძლოა, წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. შესაბამისი კომისია ადგილზე სიტუაციის შესასწავლად უკვე ჩავიდა.