ლიტვა საქართველოს ოკუპაციას ვერ შეეგუება. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოდან გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
"საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა სტაბილურობის თვალსაზრისით. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველა კონფლიქტს, რომელიც რეგიონში არსებობს და გვინდა, ისინი სამხედრო ჩარევის გარეშე, მშიდობიანი გზით მოგვარდეს. ლიტვას ყველაზე კარგად ესმის საქართველოსი. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მშვიდობად გადაწყვეტთ პრობლემებს", - განაცხადა ლიტვის პირველმა პირმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ლიტვის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხითაც აქვს.
"ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება ქვეყანა და რამდენ ძალისხმევას იჩენს ხელისუფლება ხალხისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ასეთი კარგი შედეგებით", - აღნიშნა მან.
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.
დალია გრიბაუსკაიტე თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, საქართველოდან კი ის დღეს სომხეთში გაემგზავრა.