რუსეთში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 37 წლის მოქალაქე დავით მელაძე დააკავეს.
შპს "ვოსტოკ-ინვესტის" დირექტორის მოადგილის მკვლელს რუსი სამართალდამცავები 4,5 წლის განმავლობაში ეძებდნენ. აღნიშნული დანაშაული 2005 წლის ნოემბერში მოხდა. მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილზე - დავით მელაძეზე ძებნა რუსმა სამართალდამცავებმა 2007 წელს გამოაცხადეს.
რუსეთის გენპროკურატურის პეტერბურგის მიმართულების საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, 37 წლის დავით მელაძეს 2005 წლის 21 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულის ჩადენა ბრალად უკვე წაეყენა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შპს. "ვოსტოკ-ინვესტის" დირექტორის მოადგილის ცხედარი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული 2005 წლის 21 ნოემბერს დილით მისი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელშიც 37 წლის საქართველოს მოქალაქე დავით მელაძეც შედიოდა. ამ საქმის თანამონაწილე ორი პიროვნება ადრევე იქნა გასამართლებული. მელაძის დაკავების შემდეგ მას ბრალი წაეყენა იმაში, რომ 2005 წლის ნოემბერში, იგი დანაშაულებრივად შეეკრა ეროვსა და ბელიაკოვს, ასევე გამოძიებით ჯერ ჯერობით დაუდგენელ პირებს მსხვერპლის მკვლელობის ჩადენისა და შემდგომში ფულის გატაცების მიზნით, რომელიც მსხვერპლს თან უნდა ჰქონოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეროვმა თანამონაწილეებს იმ ავტომობილის მონაცემები მიაწოდა, რომლითაც მსხვერპლი გადაადგილდებოდა, მან ასევე აუწყა მათ მსხვერპლის მარშრუტი.
2005 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით დილის 08:00 საათზე ბელიაკოვმა, რომელიც იმ დროისათვის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა მორიგის თანამდებობაზე მელაძე დაუდგენელ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენის ადგილზე მიიყვანა.
თავდასხმის დროს მსხვერპლმა თავდამსხმელებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მელაძემ და დაუდგენელმა პირებმა მკვლელობა ჩაიდინეს და მსხვერპლს 8 ჯერ ესროლეს. ამის შემდეგ მათ გაიტაცეს მსხვერპლის კუთვნილი 30 ათასზე მეტი რუბლი და საკრედიტო ბარათები, რომელთაგან მოგვიანებით მათ 60 ათასი რუბლი მოხსნეს.