განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყლების, გამაგრილებელი და მაღალალკოჰოლური სასმელების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მცხოვრები ელგუჯა ბაღდავანიძე, რევაზ თაბუკაშვილი და მზია ნოზაძე.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები წლების მანძილზე სოფელ ყვიბისში არსებულ კუსტარულად მოწყობილ საამქროებში განსაკუთრებულ ანტისანიტარიულ პირობებში, ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდნენ უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს: „ბორჯომს", „ლიკანს", „ნაბეღლავს", „ნატახტარის" ლიმონათებს, არყებს „გომი-ლუქსი", „მედოვუხა-მაისკაია" და „უკრაინა-პლატინა". ბრალდებულები ფალსიფიცირებული პროდუქციას მეორად ბოთლებში ასხამდნენ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, სამართალდამცველებმა ბორჯომსა და ყვიბისში სულ 7 კუსტარული საწარმო დალუქეს. იქ დამზადებულ სასმელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია ფალსიფიცირებულია, შეცვლილი აქვს თვისობრიობა, შეიცავს მავნე მიკრობებს და მისი მიღება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.