ზურაბ ნოღაიდელი ოზურგეთში "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოძრაობის სავარაუდო კანდიდატებს შეხვდა.
რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ლელა ნაცვალაძემ, კაკო ჩხიკვიშილმა და ლელა ჩახვაძემ მოძრაობის ლიდერს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული მდგომარეობა გააცნეს და საარჩევნო უბნების დაკომპლექტების საკითხებზე ილაპარაკეს. მათ ნოღაიდელს მიაწოდეს ინფორმაცია აქცია "კარდაკარის" შესახებ. 9 დეკემბრიდან აქცია ოზურგეთში იწყება, 20 იანვრიდან - ლანჩხუთში, 15 თებერვლიდან კი - ჩოხატაურში.
"ამ ეტაპზე გურიის რეგიონში გაწეული მუშაობით კმაყოფილი ვარ. გურია, სტრუქტურულადაც და ორგანიზაციულადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონული ორგანიზაციაა. ამიტომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ლანჩხუთშიც, ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც. ყველანი უნდა განვაწყოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის", - აცხადებს ნოღაიდელი.
მისი თქმით, მოძრაობის მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეძლებენ ღირსეულად უხელმძღვანელონ თავიანთ სოფელსა თუ რაიონს. ასეთი "შიდაპარტიული კონტროლის" გავლის შემდეგ მოძრაობის კანდიდატებს, მარტის ბოლოს კონფერენციებზე დაამტკიცებენ. ნოღაიდელი შესაძლო კანდიდატებისგან მოითხოვს, მოემზადონ შიდა ოპოზიციურ პრაიმერში მონაწილეობისთვის.