მედია-კავშირ "ობიექტივისა" და წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენების ცნობით, რამდენიმე საათის წინ, რუსთავის მე-6 საპყრობილეში მოკლულია 30 წლის პატიმარი კახაბერ თედლიაშვილი.
ოფიციალური ვერსიით, თედლიაშვილმა თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, პატიმრის ადვოკატის მანანა კობახიძის განმარტებით, კახაბერ თედლიაშვილი მოკლულია.
გუშინ პატიმარი ადვოკატმა მოინახულა და თედლიაშვილი თავს კარგად გრძნობდა. მოკლულის გვამი რუსთავის მე-6 საპყრობილედან გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზა ჩატარდა.
ამ წუთებში გლდანის მე-8 საპყრობილესთან კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენები იმყოფებიან.
პატიმარი კახაბერ თედლიაშვილი, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ადვოკატს ატყობინებდა, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან ციხის ადმინისტრაცია მოკვლით ემუქრება.
ეს საფრთხე ადვოკატებმა ყველა დონეზე გაახმაურეს. მიმართეს სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუმცა, თედლიაშვილის ადვოკატების განცხადებებს რეაქცია არ მოჰყოლია.