ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება "ვაზიანი 2011" იმართება. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წვრთნების მიზანია თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა და ასევე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.
სწავლება ოთხ ფაზას მოიცავს. პირველი ორი ფაზა მოსამზადებელი პერიოდი და საველე-ტაქტიკური ვარჯიშები უკვე ჩატარებულია. დღეს განხორციელდება სწავლების მესამე ფაზა - ბატალიონის საველე-ტაქტიკური სწავლება.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამაა შექმნილი. პროგრამით გათვალისწინებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავრი ამოცანაა არ დაუშვან მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
"ვაზიანი 2011" მასშტაბური ხასიათისაა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის, ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კალანდაძე უხელმძღვანელებს. ის იქნება მომხსენებელი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან მიხეილ სააკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან.
სწავლების მნიშვნელოვან რგოლს შემფასებელთა ჯგუფი წარმოადგენს. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები მონიტორინგს ბატალიონის, ასეულის, ოცეულის და ათეულის დონეზე განახორციელებენ.
წვრთნებში სულ 678 სამხედრო მოსამსახურე და 79 ერთეული სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.