დღეს, 30 აპრილს, ორი წელი შესრულდა, რაც სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამმართველომ ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.
ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთმა ამ ორი რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობასთან გააფორმა "ოფიციალურად" ეწოდება - "შეთანხმება აფხაზეთის/სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ".
სწორედ მის "საფუძველზე" რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ამ ორი რეგიონის "სახელმწიფო" საზღვრების დაცვა იკისრეს.
აღნიშნული თარიღი, რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს უკვე მიულოცეს აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა.
მესაზღვრეებად წოდებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები საქართველოს ამ ორი რეგიონის ტერიტორიაზე 2009 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ "ოფიაციალურად" ჩადგნენ და რუსეთის "ეფ-ეს-ბემ" ფუნქციონირება დაიწყო
ხელმოწერილი "ოფიციალური დოკუმენტების" შესაბამისად რუსი ოკუპანტები "თავიანთი მოვალეობების" შესრულებას 15 ივლისიდან შეუდგნენ. აფხაზეთში მათ ასევე თავიანთ თავზე აიღეს აფხაზეთის შიდა და საგარეო საზღვაო ტერიტორიული საზღვრების დაცვა.
2009 წლიდან აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" საქმიანობის "ოფიციალური" დაწყებიდან, რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე უკვე გახსნეს ოთხი სამხედრო ქალაქი. ანალოგიურია მათ მიერვე ცხინვალის რეგიონში გახსნილი სამხედრო ქალაქების რაოდენობაც.
აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 9 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა. მეორე სამხედრო ქალაქი 2011 წლის 21 თებერვალს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში დაარსდა. მესამე სამხედრო ქალაქი 2010 წლის 2 მარტს სოხუმთან ახლოს,
ახალ ათონში გაიხსნა და მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 18 მარტს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გაიხსნა. ეს სამხედრო ქალაქი ყველაზე დიდია იმ სამდრო ქალაქებს შორის, რომლებიც აქამდე აფხაზეთში გახსნილა.
სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 16 ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.
ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში გაიხსნა და მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გახსნა.
ცხინვალის რეგიონში სულ 19 ასეთი სამხედრო ქალაქი უნდა აშენდეს, ხოლო ცხინვალში უნდა დაარსდეს სასაზღვრო სამმართველოს კომპლექსი. ყველა მათგანის აგება მიმდინარე წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალაქებში არის საცხოვრებელი კორპუსები, სათამაშო მოედნები, საბავშვო ბაღები და რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთათვის და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებისათვის საჭირო პირობებია შექმნილი.