საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთის ისლამისტური კომიტეტის თავმჯდომარეს ჰეიდარ ჯემალს შეახსენებს, რომ პრეზიდენტობისას მან და ჰეიდარ ალიევმა ორ ქვეყანასა და ხალხს შორის მყარ მეგობრობას ჩაუყარეს საფუძველი, რომელსაც ვერაფერი დაარღვევს. ეს განცხადება შევარდნაძემ "სალამნიუსთან" საუბარში რუსეთის ისლამისტური კომიტეტის თავმჯდომარის ჰეიდარ ჯემალის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის დროსაც ჯემალმა განაცხადა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.
"ეს ინფორმაცია ჯერ იუმორით მივიღე, შემდეგ კი შევშფოთდი. მინდა შევახსენო ჩვენს "კეთილისმსურველს", რომ პრეზიდენტობის დროს მე და ჰეიდარ ალიევმა მყარი საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენს ხალხთა შორის მეგობრობას. ასევე დარწმუნებული ვარ, მომავალში ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს ჩვენი ძმური მეგობრობის საფუძველს", _ განაცხადა შევარდნაძემ.