ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ირანის მოქალაქის ამირ ჰოსეინ არდაბილის დაპატიმრება და მისი დაუყონებლივი განთავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ირანის საელჩოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მანუჩერ მოთაქიმ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე და განაცხადა: ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად აპროტესტებს და გმობს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ წინასწარი გეგმის მიხედვით ამირ ჰოსეინ არდაბილის დაპატიმრებას, საიდუმლო ვითარებაში მის გადაყვანას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მის გასამართლებას, რადგან ის ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო ამერიკელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ამირ ჰოსეინ არდაბილის განცხადებებს და აღნიშნა: ირანის მოქალაქის განცხადებებიდან აშკარაა, რომ იგი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის მიერ ირანის მოქალაქის დაპატიმრება და მისი საქმის გასაიდუმლოება წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ქარტიის მეცხრე მუხლის დარღვევას პატიმართა უფლებების შესახებ და აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყნის ინტერესების დაცვის წარმომადგენლობის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთხელ მოითხოვა თავისი მოქალაქის უფლებების დაცვა, მაგრამ აშშ-ის ხელისუფალთა მხრიდან ირანის მოთხოვნაზე დღემდე არ ყოფილა რეაგირება. მან უსაფუძვლო უწოდა ამირ ჰოსეინისთვის წაყენებულ ბრალდებებს და დასძინა: ირანი ამირ ჰოსეინ არდაბილის უკანონო დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ამერიკის მთავრობას და თავისი მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ირანის მოქალაქე ამირ ჰოსეინ არდაბილი 2007 წლის 2 ოქტომბერს იქნა დაპატიმრებული ქ. თბილისში ქართველი სამართალდამცავების მიერ, რომელიც მოგვიანებით ამერიკის ზეწოლის შედეგად ექსტრადირებული იქნა შეერთებულ შტატებში. ამირ ჰოსეინ არდაბილის დაპატიმრება მოხდა წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით და ის მიზნად ისახავდა ერთი მხრივ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლის გამკაცრებას, მეორე მხრივ კი ირან-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას. ნიშანდობლივია, რომ ამირ ჰოსეინ არდაბილის ქართველი ადვოკატებისა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის და ამერიკის პოლიტიკური ზეწოლების გამო დათანხმდა ამირ ჰოსეინ არდაბილის ექსტრადიციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენადაც საქრთველოსა და აშშ-ს შორის არ იყო ხელმოწერილი შეთანხმება დამნაშავეთა ექსტრადიციის შესახებ, ამირ ჰოსეინ არდაბილის ჩასვლისთანავე თბილისში, საქართველოს პროკურატურამ და ამერიკის საელჩომ ხელი მოაწერეს სპეციალურ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე მოხდა ირანის მოქალაქის დაპატიმრება და მისი შემდგომი ექსტრადიცია ამერიკაში. აღნიშნული შეთანხმების თანახმად ამერიკულმა მხარემ არავითარი პასუხისმგებლობა აიღო პატიმრის უფლებების დაცვაზე, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად ექსტრადირების ერთერთი შემაფერხებელი გარემოებაა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ამირ ჰოსეინ არდაბილის საქმეს განიხილავს პოლიტიკურ საქმედ, რომელიც წარმოადგენს ვაშინგტონის იმ მტრული პოლიტიკის ფარგლებში გადაგმულ მორიგ ანტიირანულ ნაბიჯს, რომელიც შაჰის რეჟიმის დამხობისა და ისლამური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხორციელდება.