"ქრისტიან-დემოკრატების" პროტესტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარის გუდაურის განვითარებისთვის გამოყოფას შეეხებოდა, საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე განიხილ იქნა საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების სხდომებზე და აღნიშნული თანხა არც ერთ სოციალურ თუ სხვა პროგრამას არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება.
,,ეს გახლავთ უკვე ჩატარებული ტენდერებიდან და კონკურსებიდან მორჩენილი თანხა. ამასთან, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა წლის ბოლოსთვის დედაქალაქის ბიუჯეტს ტრანსფერის სახით დაუბრუნდება",-აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა და შემდგომ ამისა ყურადღება პროქტის პოზიტიურ მხარეებზე გაამახვილა.
,,გუდაურს ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს პოტენციალი თავისთავად ადამიანების დასაქმებასაც გულისხმობს.
რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიისთვის გუდაურის მართვის უფლებით გადაცემას გულისხმობს, აბსოლუტურად კანონიერია და ის პარლამენტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ იქნა მიღებული. აღნიშნული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტებს მიეცათ საშუალება, ცენტრალურ მთავრობებთან შეთანხმებით, მიწის მშენებლობის ნებართვა, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქალაქო სერვისების განხორციელება რეკრეაციულ ზონებშიც აწარმოონ.
გუდაური კი ერთ-ერთი ასეთ ზონათაგანი გახლავთ. ასე, რომ, როგორც ავღნიშნე,
კანონის ფარგლებში, აბსოლუტურად არც ერთი სოციალური პროგრამის დაფინანსება არ შემცირდება და ეს პროექტი ძალიან დიდ ბენეფიტს მოუტანს, როგორც გუდაურის, ასევე საქართველოს მოსახლეობასაც",-აცხადებს კოკი იონათამიშვილი და ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ამის არდანახვას მიუღებლად მიიჩნევს.