საქართველო ეპიდემიის ზღვარზეა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ H1 N1 - ით უკვე 300 -ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, მაინც არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში პანდემიის ან ეპიდემიის გავრცელების სასიშროება არსებობს.
"საქართველო ეპიდემიის ზღვარზეა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. სამინისტროს აქვს საკმარისი რესურსი, იქნება ეს მედიკამენტები თუ სხვა საშუალებები რათა არ დაუშვას პანდემიის გავრცელება. ამ დროისთვის H1 N1 - ით დაავადებულია 300 - ზე მეტი ადამიანი. მათ უმრავლესობას ვირუსის საშუალო ან მსუბუქი ფორმა გამოუვლინდა, მხოლოდ ოთხ პაციენტს აღენიშნა დაავადების მძიმე შემთხვევა, თუმცა ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა მინისტრმა.
კვიტაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართონ პოლიკლინიკებს, რათა ექიმებმა დროული რეაგირება მოახდინონ ვირუსის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, სწორედ ამ პოლიკლინიკებში მოხდება პაციენტების სხვადასხვა საავადმყოფოებში გადამისამართება.
"ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი სიცხე და სხვა გრიპის სიმპტომები სავარაუდოდ ე.წ ღორის გრიპთან აქვთ საქმე, ამიტომ უპრიანი იქნება თუ დაუყოვნებლივ მიმართავენ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე პოლიკლინიკებს. მათ ჩაუტარდებათ პირველადი შემოწმება და გაეწევათ რეკომენდაცია თუ რომელ საავადმყოფოში განაგრძონ მკურნალობა", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა.