საქართველო დგას რეფორმებისა და დემოკრატიული წინსვლის გზაზე, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება, - ამის შესახებ თბილისში მყოფმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუმ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიული ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრობლემები რჩება, როგორც საარჩევნო გარემოს, ისე კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით და სასამართლო სისტემაში.
"შეერთებული შტატები იმ პოზიციაზე რჩება, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამ წლების განმავლობაში საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიდი სამუშაოა გაწეული, თუმცა შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განმარტა ქეიდენაუმ.
საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი, დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 4 საათს გაგრძელდა. მას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ესწრებოდნენ.